პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა


03.06.2025

27 მაისს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“.

ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ქართული დიასპორის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს საპატრიარქოს, კულტურული და აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა  „დიასპორის დღის“  განსაკუთრებული დატვირთვა - განუმტკიცოს ჩვენს თანამემამულეებს  სამშობლოსთან ერთიანობის განცდა და დამატებითი იმპულსი შესძინოს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კონტაქტების გაფართოებას, დიასპორის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში და ქვეყნის განვითარების პროცესში, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობას.  მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის მხარდამჭერი ღონისძიებების ინტენსივობის ზრდას, მათ შორის დიასპორული ინიციატივების, ახალგაზრდული აქტივობების, საქართველოსა და ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის კუთხით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე  დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაზე და  გარე აქტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ დიასპორასთან წარმატებული ურთიერთობის თვალსაზრისით. აღნიშნა, რომ ინტენსიური თანამშრომლობა წარიმართა ისრაელის სახელმწიფოსა და ირლანდიის დიასპორაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან. საქართველო შეუერთდა „დუბლინის დეკლარაციას“, რაც გულისხმობს დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის მიმართ გლობალური მიდგომების გაზიარებას, განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საერთაშორისო სტანდარტის ხელშემწყობი პირობების შექმნას. აღინიშნა, რომ საქართველო გახდა გლობალური დიასპორული პოლიტიკის ალიანსის/Global Diaspora Policy Alliance (GDPA) თანათავმჯდომარე ქვეყანა და ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე, ორგანიზაციის, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების პროცესში  დიასპორის მონაწილეობის გაზრდას, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩართულ სახელმწიფოთა მხრიდან გამოცდილების გაზიარებას.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  სახელმწიფო, დიასპორასთან ერთიანობით, მისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები როგორც დიასპორის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, ისე მათი იდეებისა და ინიციატივების წასახალისებლად, განიხილავს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს, დიასპორის ცოდნის, ნიჭის და პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ მისამართად.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ. მან თანამემამულეებს გააცნო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვა ქართული დიასპორისადმი, სადაც ტრადიციულად, ნათლად გამოსჭვივოდა პატრიარქის განსაკუთრებული დამოკიდებულება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი, მათ მიმართ  მადლიერების გრძნობა, სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმისადმი.  

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს თემატურ ჯგუფებში: განათლება და კულტურა  - ჩვენი იდენტობა მსოფლიოში; ახალგაზრდობა და დიასპორული მედია  - ახალგაზრდული ენერგია და დიასპორის ხმა; ბიზნესი და ეკონომიკა - დიასპორის პოტენციალი - ინვესტიცია საქართველოს მომავლისთვის.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს განათლების, კულტურის, მედიის, ახალგაზრდობის, სახალხო დიპლომატიის, ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე.  მომხსენებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა იმ ქმედით ღონისძიებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორაში ქარ­თული ცნობიერებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.  ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი ღონისძიებები, კერძოდ, წარმოჩენილ იქნა განათლების სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საკვირაო სკოლებისთვის A1 და A2 დონის  სახელმძღვანელოს - „33 გასაღების“ გამოცემა. აგრეთვე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებისათვის  პირველად, პედაგოგთა გრძელვადიანი გადამზადების კურსის ჩატარება.

ფორუმზე მსჯელობა შეეხო ქართული დიასპორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზებს,  ახალგაზრდობის როლს და დიასპორელი ახალგაზრდობისთვის  მაქსიმალურად ხელშემწყობი პოლიტიკური და ორგანიზაციული პირობების შექმნას.  ყურადღება გამახვილდა აგრეთვე, მედიის როლზე საქართველოს შესახებ სანდო და დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელებაში, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

ქართული დიასპორის დღე  ტრადიციულად, ყოველ წელს საქართველოში აღინიშნება, ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.