პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრიუსელში, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე აღინიშნა


17.06.2024

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.  

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფე დოსითეოსს, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2024“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელი და სპეციალური ჯილდო გადასცა. 

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა, რომელიც ანსამბლ „დიდგორისა“ და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებით გაგრძელდა. 

ღონისძიებას ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობების, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს საელჩოს დიპლომატები და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებმა ბელგიაში ქართული სათვისტომოს აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩომ წმინდა სინოდის წევრებს საელჩოში უმასპინძლა.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე 2024 წლის 9 ივნისს აღინიშნა.