ძვირფასო თანამემამულენო,
რამდენიმე ათეული წელია ქართველი ერისთვის 14 აპრილი საკრალურ დღედ იქცა - დედაენის დღესასწაულად, რომლისთვისაც 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ერთ მუშტად შეკრულმა სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაიცვა მისი დიდება - „არსებითი ნიშანი ჩვენი ეროვნებისა, მისი გული და სული“ (ილია ჭავჭავაძე).
და დღესაც, როგორც 47 წლის წინ, გვწამს, რომ ჩვენს მშობლიურ ენას განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ეს მისია, სახელმწიფოსთან ერთად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გეკისრებათ თქვენ, უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, ქართულ დიასპორებს, რომლებზეც დამოკიდებულია ქართული მენტალობის, იდენტობისა და უნიკალურობის შენარჩუნება. ამის გარეშე საქართველო ვერასდროს გახდება მსოფლიო კულტურის ორგანული, სრულფასოვანი ნაწილი.
„ქართული ენა ინახება ხალხში, იქ არის ენის სალარო, ჩვენი ენა მდიდარია, უტყუარი და ძვირფასი განძი ხალხისა“ - ამბობს დიდი აკაკი წერეთელი და რარიგ გასახარი და საამაყოა, რომ ეს ჭეშმარიტი ფორმულა წარმატებით მუშაობს ჩვენი დიასპორების მიერ შექმნილ საგანმანათლებლო და კულტურულ კერებში, სადაც ჩვენი ქართველი ემიგრანტები დიდის რუდუნებით ზრუნავენ სამშობლოს მოწყვეტილი თაობებისთვის მშობლიური ენის გადასაცემად, მსოფლიოსთვის ქართული კულტურის სრულყოფილების წარმოსაჩენად, სრულყოფილებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იმ მყარ საფუძველზე შენდებოდა, რომელსაც ჩვენი ენა ქართული ჰქვია - „ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“ (იოანე ზოსიმე) და რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.
მადლობა თითოეულ თქვენგანს უცხოეთში ქართული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაწეული წვლილისთვის. თქვენი მისია ერთობ მძიმეა, თითქმის ვალდებულების ტოლფასი, რადგან „ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს!“ (მიხეილ ჯავახიშვილი)
კარგად ვიცით, რომ თქვენს მსოფლმხედველობაში კიდევ უფრო მძაფრი დატვირთვა აქვს დიდი ილიას უკვდავ შეგონებას, რომ “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“…ვხედავთ, როგორი ერთგულებით ეკიდებით ამ დიად მცნებას, რადგან მხოლოდ მამულის და დედაენის სიყვარულით აღსავსე თაობა, სადაც არ უნდა იზრდებოდეს, არასდროს მოშორდება საკუთარ ფესვებს, იამაყებს საკუთარი კულტურით, ტრადიციებით და ღირსეულად წარმოაჩენს თავის ქვეყანას მთელ მსოფლიოში.
გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო დედაენის დღეს, საქართველოს დიად მონაპოვარს, ენას, რომელსაც ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა და ლოცულობს მისთვის!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი