ძვირფასო თანამემამულეებო, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებო,
გულითადად გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის საერთაშორისო დღედ დაწესება, იუნესკოს განმარტებით, აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
მადლობას გიხდით იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ეწევით მოზარდ თანამემამულეებში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება გაქვთ ჩვენს პატარა თანამემამულეებთან, მოზარდებთან, რომლებიც უცხო გარემოში იზრდებიან, მაგრამ, თქვენი დაუღალავი მეცადინეობით, არ წყდებიან მშობლიურ ფესვებს და მასპინძელ ქვეყანაში შეძენილ ცოდნასთან ერთად, ეუფლებიან ქართულ ენას, ისტორიას, კულტურას, ეცნობიან ქართულ ტრადიციებს. მათ მჭიდრო კავშირს სამშობლოსთან, რომელიც თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიიღწევა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, რადგან ნებისმიერი სფეროსა თუ დარგის განვითარების საწინდარი, ქვეყნის წარმატების საფუძველი, განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული. როგორც დიდი ილია ბრძანებდა, „სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე–ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე–ბედი თვითონ ქვეყნისაც“.
ჩვენ არაერთხელ გვქონია გულწრფელი საუბარი იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელიც თან ახლავს საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესს, არაერთხელ გვიმსჯელია სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესების გზებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაიშურებს ძალისხმევას საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერისათვის, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული საკვირაო სკოლის პრობლემები და საჭიროებები, მათზე იყოს მორგებული ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების წარმატებით ფუნქციონირებას.
ძვირფასო პედაგოგებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებებს იმ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში, რასაც ასე უანგაროდ და ერთგულად ემსახურებით, ღირსეული, განათლებული და მაღალპროფესიონალი თაობების აღსაზრდელად, რომელიც საქართველოს იმედი და მომავალია!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო