პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარლამენტში “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” პრეზენტაცია გაიმართა


27.06.2024

2024 წლის 25 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით,  თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის  განვითარების ხელშეწყობის საქმეში. კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. მისი თქმით, დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე  პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, რაც ასახულია ქვეყნის განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, თსუ- ს მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარმა ნათია ჭელიძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა არჩილმა, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) პროექტების მენეჯერმა, ქეთევან გორგოშიძემ.

თემატური მოკვლევის მიზანია განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას დიასპორის მდგრადი ჩართულობის კულტურა და სისტემა, რათა დიასპორული კაპიტალი უფრო მძლავრად იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს განვითარებისთვის.